აჭარა-იმერეთის ქედის სამხრეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 1600 მეტრ სიმაღლეზე გოდერძის უღელტეხილთან ახლოს შქერნალის ტერიტორიაზე მდებარეობს გოდერძის ალპური ბაღი. მას 10 ჰექტარი ტერიტორია უჭირავს.
ეს ადგილი ოდესღაც სუბალპური ტყით იყო დაფარული, დღეს კი წარმოდგენილია: ტყის, მდელოს, ტბის, ჭაობის და ქვიანი ეკოტიპები. ფლორა მრავალფეროვანია, გვხვდება 6 სახეობის მერქნიანი და 100-მდე ბალახოვანი მცენარე.
2012 წელს დაიწყო სათანადო დოკუმენტაციის მომზადება, ხოლო 2016 წელს ბათუმის ბოტანიკური ბაღის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა ალპურ წალკოტს.
ალპური ბაღის ერთ-ერთი კომპონენტია ქვის ბაღი, რომელიც ქვანაშალის სახით იქნება წარმოდგენილი. ქვის ბაღზე მუშაობენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები.