მარშუტის აღწერა
მარშრუტი იწყება დაბა შუახევში, ბათუმი-ახალციხის სამანქანე გზაზე არსებულ სამანქანო ხიდით, რომლითაც გადავდივართ აჭარისწყალზე და შევდივართ ჩირუხისწყლის ხეობაში, გზის ტიპი სამანქანო გრუნტია, რომელიც ძალიან კარგ მდგომარეობაშია, დახლოებით 1,5 კმ. გავლის შემდეგ დავინახავთ ხიდს და ოქროპილაურის ციხის მანიშნებელს, ციხე ორი მდინარის, ჩირუხისწყლისა და ტბეთის შესაყართან, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს და მისი დანახვა ადვილად არის შესაძლებელი. მას უჩამბას ციხესაც ეძახდნენ და დღესდღეობით შემორჩენილია მისი ორი კედელი და კოშკის ნაწილი. ხიდიდან ისევ ვაგრძელებთ სამანქანო გზას სამხრეთით და 12 კმ-ში ვხვდებით ოლადაურის ფერიცვალების ეკლესიას, რომელიც აშენებულია ძველი ნაეკლესიარის ადგილზე 2000-იან წლებში და არის მოქმედი. სოფელ იაკობაურამდე მიდის ისევ სამანქანო გზა და გაივლის შემდეგ სოფლებს: პაპოშვილები, მახალაკიძეები. სოფელი იაკობაურიდან დარჩიძეების ციხემდე შეგვიძლია 2 გზით მივიდეთ: ერთი ისევ მიუყვება სამანქანო გზას ჩირუხისწყლის მიმართულებით, 3,2 კმ-ის მანძილზე, და დარჩიძეების ციხის გადასახვევიდან თვითონ ციხემდე ვაგრძელებთ ფეხით სიარულს 1კმ-ის მანძილზე. მეორე - სოფელი დარჩიძეებისკენ მიმავალი გზით, რომელიც შეგვიძლია გავიაროთ მაღალი გამავლობის 4X4 მანქანით, ეს გზა გამოირჩევა იმით, რომ შეგვიძლია დავტკბეთ საუკეთესო ხედებითა და თვითონ სოფელი დარჩიძეების სილამაზით. დარჩიძეების ციხე დაზიანებულია, მაგრამ შეიმჩნევა მისი მოხაზულობა, რადგან დგას კლდის თავზე და იმეორებს მის კონფიგურაციას. აქედან ჩირუხის წყლის ხეობაზე იშლება ულამაზესი ხედები. ციხიდან ვუბრუნდებით სამანქანო გზას და ისევ მივუყვებით ჩირუხისწყლის ხეობას. 3,9 კმ-იანი გზის მონაკვეთის გავლის შემდგომ ვხდებით წყაროს, რომელიც სასმელად ვარგისია. ამ წყაროს შემდეგ გზის საფარი უარესდება და შეიძლება გაუჭირდეს დაბალი გამავლობის მანქანას, 6,7 კმ მანძილის გავლის შემდეგ ვასრულებთ მარშრუტს ჩირუხის საზაფხულო სადგომებზე. ჩირუხიდან გზა მიდის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკიბაკოს მიმართულებით, რომელიც მხოლოდ მაღალი გამავლობის 4X4 მანქანებისთვისა და საცხენოსნო ტურიზმის მოყვარულთათვის არის ხელმისაწვდომი, (18 კმ).
ფაქტები
რა ნახოთ
ინფორმაცია